16/07/2026
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა დაბა ბაკურიანის საგზაო, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დაბა ბაკურიანის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ასევე განიხილეს დაბის მასშტაბით არსებული ყველა ჩიხისა და შიდა საავტომობილო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია, რომლის საერთო სიგრძე 35 კილომეტრს შეადგენს.
დაბა ბაკურიანში დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები. კერძოდ, მიმდინარეობს ლიანა გოგოლაძისა და თამარ მეფის ქუჩებზე გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები, რაც წარმოადგენს აღნიშნული ქუჩების შემდგომი ასფალტირების მოსამზადებელ ეტაპს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
მხარეებმა განიხილეს დაბა ბაკურიანის ტურისტული ცენტრის განვითარების მიმართულებები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს კურორტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და ვიზიტორებისთვის უკეთესი პირობების შექმნას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკურორტო სეზონის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადების მართვასა და მოძრაობის განტვირთვას. ამჟამად მიმდინარეობს ახალი ალტერნატიული გზების პროექტირება, რომლებიც შეამცირებს ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ დატვირთვას, გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს ტურისტული და ადგილობრივი ტრანსპორტის ეფექტიანი გადაადგილებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე გურამ არაბიძე.