03/09/2026
გამოუსწორებელი ზიანის მომტანია რაჭაში, მდინარე ჯეჯორის ხეობის 8 სოფელში დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობა?
გვინდა გაგაცნოთ რაჭის ერთ-ერთი მაცოცხლებელი მდინარე ჯეჯორი, რომელზეც 3 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტის ირგვლივ არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები და ბუნდოვანება... მდინარე ჯეჯორი ონის მუნიციპალიტეტში ჩამოედინება, რიონის მარცხენა შენაკადია და აცოცხლებს მთლიან ხეობას ბევრი სოფლით.
მსგავსი პროექტების დროს, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი კონტროლი, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და ინფორმირებულობა.
აუცილებელია დავსვათ კითხვები:
📌არის აღნიშნული პროექტი ადგილობრივებისთვის უსაფრთხო?
📌კონკრეტული პირების, ჩინოვნიკების, მატერიალურ სარგებელს ეწირება რაჭის უნიკალური ბუნება?
📌რატომ არ ხდება კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებული დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობა?
ჯეჯორის მდინარეს და ხეობას გაუმართლა, დამცველები და მზრუნველები გამოუჩნდა. რამდენიმე სოფლის მცხოვრები და გულშემატკივარი სულ ახლახანს გაერთიანდა. სოციალურ ქსელში აღმოაჩენთ ფეისბუქ გვერდს - Jejora -დავიცვათ ჯეჯორა - აქ აქტიურად იდება ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული პოსტები.
მოძრაობამ - დავიცვათ ჯეჯორა - გამოითხოვა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები და კვლევები 2024 წლიდან დღემდე როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან, ასევე შპს „განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანიიდან", რომელიც ჰესების პროექტის განმახორციელებელია. პასუხი არსაიდან ჩანს...
საყურადღებო ფაქტია, რომ თავად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანიას" მოსთხოვა რამდენიმე კრიტიკული საკითხის მოგვარება:
🔴გეოლოგიური რისკები:
სოფელ სომიწოს მძლავრ მეწყრულ სხეულთან მიმართებით კალაპოტის შესაძლო ჩაკეტვის პრევენცია.
🔴მდინარის ფაუნა:
თევზსავალის გამართული ჰიდრავლიკური გაანგარიშება და ეკოლოგიური ხარჯის (წყლის მინიმალური რაოდენობის) მკაცრი კონტროლი.
🔴მწვანე საფარი:
პროექტის არეალში მოქცეული ტყის ფართობების ხელახალი დაზუსტება.მსგავსი პროექტების დროს უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი კონტროლი და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა საჯარო განხილვებში, რათა ენერგეტიკულმა განვითარებამ ზიანი არ მიაყენოს რაჭის უნიკალურ ბუნებას.
თუმცა არც ამაზე არსებობს დაზუსტებული პასუხი. არც ის ვიცით დამატებითი კვლევები ჩატარდა თუ არა, არადა საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
_________
რა უნდა ვიცოდეთ პროექტთან დაკავშირებით რომ საერთო სურათი/პრობლემა ნათლად აღვიქვათ:
1. რა შენდება და სად, რამდენ სოფელს მოიცავს.
🔴 საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი 2024-2034 გეგმის მიხედვით, ჰესები:
„სორგითი 1” სიმძლავრით - 15.23 მგვტ.
„სორგითი 2” სიმძლავრით - 15.56 მგვტ.
ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2027 წელს შევა.
ამავე დოკუმენტში ნახსენებია ,,სორგითი 3" ჰესი, რომლის სავარაუდო ექსპლუატაციის თარიღად 2028 წელი განიხილება.
შპს „ჰიდროენერჯის” კი „სორგითი 3 ჰესის“ ელექტროსადგურის პროექტზე კვლევის მომზადების ჩატარება დაევალა.
სოფლების ჩამონათვალი, სადაც ჰესების კასკადის ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება:
#სორგითი
#ონჭევი
#პიპილეთი
#წოლა
#ქვედრულა
#ირი
#ბაჯიხევი
#წედისი
შემდეგ მასალაში გიამბობთ, ვინ აშენებს, რა ინტერესები და კვეთა აქვთ მაღალჩინოსნებთან. რა მწირი ვალდებულებები აკისრიათ ბიუჯეტის მიმართ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე დაგაფიქრებთ.
🖊 Salome Tsiskarauli