02/09/2026
02.09.2026
✅თბილისის მთავრობის სხდომა
🔷 სოციალურ ქსელებში ალბათ შეგხვდათ ვიდეოები, სადაც ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და შესაბამისად, მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია.
სრული პასუსუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს. მას მესამე-მეოთხე ხარისხის ავარიულობის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. ვფიქრობ, რეკონსტრუქციის შემდეგ, შენობა ნამდვილად დაამშვენებს რუსთაველის გამზირს.
შენობის პირვანდელი სახის შესაბამისად განხორციელდება მიშენებაც, ლესია უკრაინკას ქუჩის მხრიდან. ეს არ იქნება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არამედ აქ განთავსდება სასტუმრო, სადაც პროექტის თანახმად, შენარჩუნდება არსებული პორტალი - რუსთაველის გამზირის მხრიდან შესასვლელი.
🔷 დედაქალაქში დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ჩვენ საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ 22 ერთეული ახალი, სპეციალიზებული ტექნიკა, თუმცა ამით პროცესი არ დასრულებულა. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს დაემატა 38 ერთეული ნაგავმზიდი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყოს, დროულად მოხდეს ნარჩენების გატანა, რაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შესყიდული ტექნიკა ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა. ქალაქი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამისი ტექნიკის არსებობას და მის განახლებას.
🔷 თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სისტემატურად ახორციელებენ მომატებული რისკების შემცველი ტერიტორიებისა და ობიექტების მონიტორინგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ტარდება შესაბამისი სამუშაოები. ამჯერად, მდინარე ვერეს კალაპოტში, მისი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები. კერძოდ, ამონაყრისგან განთავისუფლდა კალაპოტის ორივე მხარეს, ფერდობებზე მოწყობილი 200 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კონსტრუქცია (გაბიონი), ასევე, გაიკაფა უშუალოდ კალაპოტში გაზრდილი ჭალა, რათა მდინარეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს.
🔷 მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები. არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირთათვის.
პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მოძველებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელები. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით. კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება, ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება.
🔷 ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა. დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე გზის განახლება მიმდინარეობს, ეწყობა ტროტუარი და იგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებების და განათების ქსელის მოწყობაა გათვალისწინებული.