27/08/2026
მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით, მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს შენობაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნა სასამართლოს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის არსებული ტექნიკური და ფუნქციური მდგომარეობა, ასევე სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკა, უსაფრთხოების მოთხოვნები და მოქალაქეებისთვის, სასამართლოს მოსამართლეებისა და თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო და მომსახურების გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობა.
აღნიშნულის საფუძველზე დეპარტამენტის მიერ მომზადდა შესაბამისი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა როგორც შენობის გარე პერიმეტრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, ისე შენობის ინტერიერში კომპლექსური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
სასამართლოს შენობის სახურავი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაზიანებული იყო, რის შედეგადაც ატმოსფერული ნალექი შენობაში აღწევდა და აზიანებდა შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურას. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა სახურავი, გამაგრდა ხის კონსტრუქციები და მოწესრიგდა წყალგადამყვანი სისტემა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა და უზრუნველყოფილ იქნა მისი სათანადო და უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის შესაბამისი პირობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასამართლოს შენობის ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას. შეიცვალა შენობის ცენტრალური შესასვლელი კარი და იგი ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში დემონტაჟდა არსებული ძველი პორტალი და სასამართლოს ძირითადი შესასვლელი კიბე. აღნიშნულ სივრცეში მოეწყო ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაქანი და პანდუსი.
სამუშაოები განხორციელდა სასამართლოს უსაფრთხოების სისტემების მიმართულებითაც. შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე ხანძრის ავტომატური აღმოჩენისა და განგაშის, საავარიო და საევაკუაციო სისტემები. ხანძრის ან სხვა საგანგებო ვითარების შემთხვევაში, შესაბამისი შეტყობინება სასამართლოს პერსონალს მიეწოდება როგორც SMS-შეტყობინების, ისე სატელეფონო ზარის საშუალებით. მოეწყო სახანძრო ჰიდრანტის სისტემა, რაც უზრუნველყოფს ხანძრის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ზრდის შენობის უსაფრთხოების ხარისხს.
სარეაბილიტაციო პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა საბადრაგო სივრცის სრულად განახლება და მისი თანამედროვე უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. რეაბილიტირებული საბადრაგო სივრცე აღიჭურვა ანტივანდალური სანათებით, ხოლო ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოსაცდელ საკნებში მოეწყო სკამები. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს როგორც სივრცის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ისე მისი ფუნქციური დანიშნულების შესაბამისად მოწყობას.
სასამართლოს შენობაში სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობის სისტემა და ინტერნეტქსელი და მოეწყო თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განახლდა სასამართლოს შიდა სივრცეები. გარემონტდა სამუშაო ოთახები, სხდომათა დარბაზები და დერეფნები. ასევე მოეწყო საარქივო სივრცე, რაც სასამართლოში დოკუმენტაციის სათანადო პირობებში განთავსებისა და შენახვის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, შესაბამისად მნიშვნელოვნად გააუმჯობესდა როგორც სასამართლოს თანამშრომლების სამუშაო პირობები, ისე მოქალაქეებისთვის სასამართლო მომსახურების მიღების გარემო.
კეთილმოეწყო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია და ეზო, მოწესრიგდა და განახლდა შემომსაზღვრელი ღობეები. სასამართლოს იდენტობისა და ვიზუალური იერსახის გაუმჯობესების მიზნით, პორტალზე მოეწყო განათებული სიმბოლიკა-სახელმწიფო გერბი და შესაბამისი წარწერები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეაბილიტირებული სასამართლოს შენობის შესაბამისი ავეჯითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვის პროცესი.
განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სასამართლოს შენობის ტექნიკური და ფუნქციური მდგომარეობა, ამაღლდა უსაფრთხოების სტანდარტები, მოწესრიგდა სამუშაო და მომსახურების სივრცეები და შეიქმნა სასამართლოს საქმიანობისთვის, ასევე მოქალაქეთა მომსახურებისთვის შესაბამისი, თანამედროვე და სათანადო პირობები.