04/09/2026
🔹ბათუმში VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და გლობალიზაცია“ გაიხსნა, რომელიც აჭარის მუზეუმის ორგანიზებით 4 და 5 სექტემბერს იმართება.
🔹კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მუზეუმების მნიშვნელოვან როლზე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩენის, ასევე, ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის განმტკიცების პროცესში.
🔹ელისო ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობას მუზეუმების თანამედროვე როლის გააზრების, საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერების, ასევე კულტურული ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
🔹კონფერენციაზე, გლობალურ სამყაროში მუზეუმების მნიშვნელოვან როლზე, როგორც საერთაშორისო კვლევების ხელშემწყობი, ასევე ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ ისაუბრა საერთაშორისო პროექტების ექსპერტმა, ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა სოფიო ბაკურიძემ.
🔹კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის მუზეუმის დირექტორი, თეონა ზოიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
🔹კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე აჭარის კულტურის სამინისტროს პრიორიტეტები, კულტურის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები და სიახლეები წარმოადგინეს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეებმა - ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ირმა აბულაძემ.
🔹VI საერთაშორისო კონფერენციის „მუზეუმი და გლობალიზაცია" მიზანია ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული, სოციალური და მომიჯნავე დარგების, ასევე, სამუზეუმო მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის მიმართულებით მომუშავე მკვლევრების სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განვითარებას, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა თანამშრომლობას. კონფერენციაში ჩართულია 75 მონაწილე, მათ შორის 15 მეცნიერი აშშ-დან, იაპონიიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. მოხსენებებს წარმოადგენენ როგორც მოწვეული, ასევე აჭარის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლები.
🔹საერთაშორისო კონფერენციის „მუზეუმი და გლობალიზაცია“ მასალების კრებული, სამეცნიერო ჟურნალის სახით ატვირთულია მეცნიერების ასოციაციის ელექტრონული ჟურნალების პორტალზე, Google Scholar-ის პლატფორმაზე.