05/09/2026
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატ დავით შერაზადიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, ზამურ ჭითანავასთან, ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სოფელ მამხუტში გზის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 540 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი მოეწყო, რაც ადგილობრივების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უწყობს ხელს.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ბოლნისში არსენ იყალთოელის, ბაგრატიონის, იმერეთის, ვაჟა-ფშაველასა და ჩოლოყაშვილის ქუჩების ქვაფენილით მოწყობის სამუშაოები. ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება ჯამში 8935 კვადრატული მეტრი გზა, ასევე, მოეწყობა საყრდენი კედლები, ღობეები და გარე განათების ქსელი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მათი საერთო ღირებულება 2 627 000 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების პარალელურად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია ადგილობრივ მოსახლეობას პირადად შეხვდა. იგი გაეცნო მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ გამოწვევებს, მოისმინა მათ წინაშე არსებული საჭიროებები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად პრობლემების გადაჭრის გზები და სამომავლო ნაბიჯები განიხილა.
ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი ქოჩიაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, იოსებ მუხაგულიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.