25/08/2026
"ხაშურის მოამბე" 24 აგვისტო 2026 წელი
N31 (552)
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. ცვლილებასთან დაკავშირებით მშობლებს არაერთი პრაქტიკული კითხვა აქვთ. ფორმის მიღების, შეძენის, ღირებულებისა და მოქმედი წესების შესახებ საუბრობს ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
პირველ რიგში, ვის ეხება სასკოლო ფორმის სავალდებულო ტარება?
სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა დაწყებით საფეხურზე. ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესში მნიშვნელოვანია, მშობლებმა ზუსტად იცოდნენ, როგორ ხდება ფორმის მიღება ან შეძენა, ვის ეკუთვნის ფორმა უსასყიდლოდ და რა წესები მოქმედებს.
კითხვა: ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ?
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, სასკოლო ფორმა სასწავლო წელიწადში ერთხელ უსასყიდლოდ გადაეცემათ ექვსი კატეგორიის მოსწავლეებს:
* მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
* მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბავშვებს;
* მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებულ მოსწავლეებს;
* მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ჩართულ მოსწავლეებს;
* თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებულ მოსწავლეებს;
* უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხულ უკრაინელ მოსწავლეებს.
* მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი — ოთხი ან მეტი შვილის მშობელს, ხოლო ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000-ზე მეტია და 120 001-ზე ნაკლებია.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ მოსწავლემ წლის განმავლობაში მოიპოვა შესაბამისი ბენეფიციარის სტატუსი?
ასეთ შემთხვევაში მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღის ვადაში.
რა ეღირება სასკოლო ფორმა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც უფასო ფორმის მიმღებთა კატეგორიაში არ შედიან?
დადგენილი ფასებია:
* სასკოლო პიჯაკი — 45 ლარი;
* სასკოლო შარვალი — 25 ლარი;
* სასკოლო ქვედაკაბა — 25 ლარი.
შესაძლებელია თუ არა ფორმის ადგილზე მოზომება?
დიახ. სარეალიზაციო პუნქტში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ბავშვს ადგილზე მოარგონ ფორმა და შეარჩიონ მისთვის შესაბამისი და კომფორტული ზომა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფორმა ბავშვისთვის პრაქტიკული და მოსახერხებელი უნდა იყოს.
როგორ ხდება ფორმის საფასურის გადახდა?
ანგარიშსწორება შესაძლებელია ადგილზე, უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე თანხის გადარიცხვით. გადარიცხვის შემთხვევაში ქვითარი უნდა წარადგინოთ სარეალიზაციო პუნქტში.
გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი.
თუ ფორმა ბავშვს არ მოერგო ან ქარხნული წუნი აღმოჩნდა, შესაძლებელია მისი დაბრუნება ან გადაცვლა?
ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ნივთს შენარჩუნებული ჰქონდეს სასაქონლო იერსახე და ეტიკეტი და არ ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა ხაშურში?
ხაშურში პორველ ეტაპზე (მხოლოდ პირვეკლასელთათვი)სარეალიზაციო პუნქტი განთავსებულია მისამართზე: ქ. ხაშური, ტაბიძის ქუჩა №22 სსიპ
ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა.
ასევე შესაძლებელია ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე:
formebi.emis.ge
პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:
🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას
🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას
15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ
პირველკლასელთა ფორმების გაცემის პერიოდი არის 1-დან 14 სექტემბრამდე. სარეალიზაციო პუნქტებში ფორმების მიწოდება 20 აგვისტოდან იწყება.
სამუშაო საათებია 11:00-დან 19:00 საათამდე, ყოველდღე, მათ შორის შაბათ-კვირას.
როგორ მოხდება მშობლების ნაკადის გადანაწილება, რომ რიგები და შეფერხებები თავიდან იქნას აცილებული?
იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად ორგანიზებულად წარიმართოს, შესაბამისი საჯარო სკოლა მშობლებს 30 აგვისტომდე ინდივიდუალურად შეატყობინებს მათთვის განკუთვნილ გეგმა-გრაფიკს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლებმა ყურადღებით ადევნონ თვალი სკოლიდან მიღებულ შეტყობინებებს.
როდის იქნება ხელმისაწვდომი II-VI კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ფორმები?
არსებული გეგმის მიხედვით, II, III და IV კლასების ფორმები ოქტომბრის შუა რიცხვებში, ხოლო V და VI კლასების ფორმები ნოემბრის დასაწყისში შემოვა.
რა არის თქვენი მთავარი რეკომენდაცია მშობლებისთვის ახალი სასწავლო წლის წინ?
პირველ რიგში, მშობლებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი სკოლიდან მიღებულ ინფორმაციას და დაიცვან განსაზღვრული ვადები. ასევე მნიშვნელოვანია, ფორმის შერჩევისას ყურადღება მიექცეს ბავშვის კომფორტს და შესაბამის ზომას.
სასკოლო ფორმის დანერგვის მიზანი მხოლოდ გარეგნული ერთიანობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში შეიქმნას მოწესრიგებული, თანასწორი და მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. სწორედ ამიტომ, წარმატებული განხორციელებისთვის აუცილებელია სკოლის, მშობლისა და მოსწავლის თანამშრომლობა.
რა გზავნილით მიმართავთ მშობლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის წინ?
ვუსურვებ თითოეულ მოსწავლეს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს. ახალი სასწავლო წელი ახალი შესაძლებლობების დასაწყისია. ჩვენი საერთო ამოცანაა, ბავშვებს შევუქმნათ უსაფრთხო, მოწესრიგებული და განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო გარემო.
მშობლებს კი ვთხოვ, ყურადღებით გაეცნონ სკოლიდან მიღებულ ინფორმაციას, დაიცვან მითითებული ვადები და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართონ შესაბამის სკოლას ან საგანმანათლებლო რესურსცენტრს.