13/06/2026
🫒სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „2015 წლის „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების 36-ე მუხლის ცვლილების თაობაზე“ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრთა საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების თაობაზე იმსჯელა, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმების მოქმედების ვადის 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელებას.
📌საკითხი კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ გააცნო. მისი თქმით, საქართველო აღნიშნულ საერთაშორისო პლატფორმას რამდენიმე წლის წინ შეუერთდა. შეთანხმების წევრობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ჰქონდეს წვდომა სექტორულ ინფორმაციასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, განავითაროს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან და ისარგებლოს იმ მრავალმხრივი შესაძლებლობებითა და სარგებლით, რომელსაც შეთანხმება ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნებისათვის ქმნის.
📌როგორც სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა განაცხადა, საქართველოში ზეთისხილის წარმოებას მნიშვნელოვანი განვითარების პოტენციალი აქვს. ქვეყანაში უკვე 4 000 ჰექტარზეა გაშენებული ზეთისხილის ბაღები. ამ მიმართულების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამამ „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში განხორციელდა ზეთისხილის ბაღების გაშენების თანადაფინანსება.
📍სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმი, რომლის მიზანია არსებული შეთანხმების თანამედროვე ეკონომიკურ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.
საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარადგინა.
📍ცვლილებებით, განახლდება „სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების“ თავი, რაც ითვალისწინებს სპეციალური ქვეკომიტეტის შექმნას ინფორმაციის გაცვლის, ტექნიკური საკითხების ოპერატიული განხილვისა და სავაჭრო ბარიერების შემცირების მიზნით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორისთვის. ასევე განახლდება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ დებულებები, რაც სტანდარტების, შესაბამისობის შეფასებისა და რეგულირების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გამარტივებას შეუწყობს ხელს.
📍შეთანხმებას ემატება ორი ახალი მიმართულება - ინვესტიციები და ელექტრონული კომერცია. ინვესტიციების თავი მიზნად ისახავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობასა და ინვესტორებისთვის უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გარემოს შექმნას, ხოლო ელექტრონული კომერციის თავი ციფრული ეკონომიკის განვითარებას, ელექტრონულ ვაჭრობაში არსებული ბარიერების შემცირებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
📌სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე, სამუშაო ჯგუფმა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ნომინაციის - „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდი“ მომზადებისა და წარდგენის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემდგომ ეტაპებსა და სამომავლო მიმართულებებზე იმსჯელეს.
✅ სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.