15/04/2026
🔹 დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა წარადგინა.
🔹 ცვლილებით ინერგება ახალი, C5 კატეგორიის ორდინარული ვიზა, რომელიც წარმოადგენს მრავალჯერად მოკლევადიან ვიზას და მის მფლობელს 5 წლის განმავლობაში საქართველოში 1 წლამდე ყოფნის უფლებას ანიჭებს.
🔹 აღნიშნული ვიზა განკუთვნილია იმ უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოდიან და პარალელურად დისტანციურად მუშაობენ უცხოეთში რეგისტრირებული პირის ან კომპანიისთვის. ვიზის გაცემა ასევე შესაძლებელი იქნება მათ მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე.
🔹 ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს საკონსულო მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობების განახლებას. კერძოდ, ვიზის განაცხადის საფასური განისაზღვრა 20-დან 500 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო მის კონკრეტულ ოდენობას საქართველოს მთავრობა დაადგენს.
🔹 ცვლილების მიზანია მაღალი შემოსავლის მქონე ვიზიტორების მოზიდვა და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული და ბიზნეს ჰაბის, პოზიციების გაძლიერება. ცვლილება ხელს შეუწყობს ტურიზმის და მომსახურების სფეროების განვითარებას, ასევე, უცხოური ვალუტის დამატებით შემოდინებას.
🔹 ასევე, განისაზღვრა, რომ ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
🔹 ამასთან, C5 კატეგორიის ვიზასთან მიმართებით დამატებით განისაზღვრა, რომ მიგრაციული რისკების გათვალისწინებით, ვიზის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმწიფოს საიმიგრაციო პოლიტიკა. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაბამისი ორგანოს დასკვნას დაეფუძნება, თუმცა, დასაბუთების ვალდებულება არ იარსებებს.
🔹 დაზუსტდა ვიზის გაცემაზე უარის გასაჩივრების საკითხიც. კერძოდ, გასაჩივრება აღარ იქნება შესაძლებელი სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან საიმიგრაციო პოლიტიკის საფუძვლებზე ვიზის გაცემაზე უარის შემთხვევებში.