04/09/2026
თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის – ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია ეწვია.
დელეგაციის წევრებს შეხვდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, ასევე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
ქართულმა მხარემ იაპონიის დელეგაციის წევრებს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი სფეროები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამართლის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სახლების მეშვეობით ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელია. აღინიშნა, რომ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს 127 იუსტიციის სახლი ემსახურება, 20 მობილური იუსტიციის სახლი კი, 10 რეგიონის 90 სოფელს რეგულარულად აწვდის სახელმწიფო სერვისებს. საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით მომსახურების მიღება შესაძლებელია პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ იუსტიციის სახლებშიც.
ყურადღება გამახვილდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ქვეყნის მასშტაბით საჯარო სერვისებზე უნივერსალურ და თანაბარ წვდომას უზრუნველყოფს.
სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მიწის სისტემური რეგისტრაციის ფართომასშტაბურ პროექტზე, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის სერვისზე, რომლის საფუძველზეც გონიერი კონტრაქტი საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან დისტანციურად ისარგებლონ სხვადასხვა სერვისებით.
საუბარი შეეხო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სააგენტოს მომხმარებელზე ორიენტირებულ თანამედროვე სტანდარტების სახელმწიფო სერვისებს.
აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.