12/08/2026
🏆მარიამ ყამარაული - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის და ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
📚2015 წლიდან არის ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექტორი და კითხულობს სხვადასხვა სალექციო კურსს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე. ამავე ინსტიტუტში, 2020 წლიდან ლექციებს კითხულობს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად საგნებში (შესავალი ზოგად ენათმეცნიერებაში, სინტაქსის საფუძვლები, პრაგმატიკა, ენათა ტიპოლოგია). პარალელურად, აქტიურად ცდილობს სასწავლო პროგრამის ახალი, ინტერდისციპლინური პროფილის თემებით განვრცობას: საპროგრამო ლექციების გარდა, კითხულობს ინტერდისციპლინურ სალექციო კურსებს „ტყუილი და მანიპულაცია“, „შეურაცხყოფის და წყევლის ფორმულები“ და „პოლიტოლინგვისტიკა“. 2025 წელს შეიმუშავა ქართველოლოგიაში სამაგისტრო პროგრამის ახალი სილაბუსები სალექციო კურსებისათვის „დიგიტალური ქართველოლოგია“, „დიგიტალური რუსთველოლოგია“, „ქართული ენა დიაქრონიულად“, „კვლევის სპეციალური მეთოდები ქართველოლოგიაში“, რომელმაც წარმატებით გაიარა აკრედიტაცია ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის სასწავლო პროგრამაში. მიუხედავად მცირეხნიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა, 4-ჯერ იყო ნომინირებული საუკეთესო სწავლებისათვის ფრანკფურტის უნივერსიტეტში, 2024 წელს კი მიიღო უნივერსიტეტის ჯილდო „1822 Universitätspreis für exzellente Lehre“ საუკეთესო ლექტორის კატეგორიაში.
🔊2022 წლიდან დაინტერესდა ქართულ ხელნაწერთა ციფრული მეთოდებით დამუშავების საკითხებით. ამჟამად მუშაობს პოსტდოქტორანტის სტატუსით ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერთა შესწავლის ცენტრში საერთაშორისო პროექტის „წიგნიერების განვითარება კავკასიაში“ (DeLiCaTe) ფარგლებში (პროექტს აფინანსებს ERC (გრანტის ნომერი: 101019006), სადაც ატრენინგებს ხელნაწერი ტექსტის ავტომატური ამოცნობის პროგრამას eScriptorium ქართულ ხელნაწერებზე, რის შედეგადაც დღევანდელი მონაცემებით ნუსხურ-ხუცურით შესრულებული ხელნაწერების სწორი წაკითხვის პროცენტულობა 98%-მდე არის გაზრდილი. მისი კვლევის შედეგები გამოქვეყენებულია მაღალრეიტინგულ ჟურნალებსა და პრესტიჟულ ევროპულ გამომცემლობაში, მათ შორის სტატია „The Oldest Georgian Witness of the Martyrdom of St Febronia" გამოსცა ცნობილმა ევროპულმა გამომცემლობამ De Gruyter-მა. ამჟამად შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცული იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ციფრული მეთოდებით გაშიფვრის საკითხზე.
🔹მარიამ ყამარაული არის 30-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო სტატიის, წიგნის თავის და წიგნის ავტორი. ასევე არის ორი საერთაშორისო სამეცნიერო კრებულის თანარედაქტორი, რომლებიც გამოიცა პრესტიჟულ ევროპულ გამომცემლობებში (De Gruyter და Brepols) და ერთი სამეცნიერო კრებულის რედაქტორი, რომელიც გამოიცა გერმანულ გამომცემლობაში Reichert Verlag (სერიის FOLIA CAUCASICA-ს მე-7 ტომი).
✅ მარიამ ყამარაულმა 2022 წელს დააარსა დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოს ახალგაზრდული სამეცნიერო საერთაშორისო ბილინგვური ჟურნალი „მილენიუმი“ და დღემდე არის ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ჟურნალის სამეცნიერო საბჭო შედგება ქართველი და უცხოელი მეცნიერებისაგან. ჟურნალი განკუთვნილია ჰუმანიტარიაში და სოციალურ მეცნიერებებში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევართათვის - დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის. საგულისხმოა, რომ ჟურნალის ორი ტომის პუბლიკაციების საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალი ახორციელებს ღია წვდომის პოლიტიკას და აკმაყოფილებს საერთაშორისოს სტანდარტებს, ჟურნალმა „მილენიუმმა“ წარმატებით გაიარა საერთაშორისო რეგისტრაცია და 2025 წელს შევიდა ERIHPLUS-ის მაღალრეიტინგულ ჟურნალთა ბაზაში.