24/04/2026
🔷 2026 წლის 20 აპრილს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლის შედეგად, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით გათვალისწინებული რეგულირების სფერო მნიშვნელოვნად გაფართოვდა. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, ზედამხედველობის ქვეშ უკვე არსებულ 123 სამშენებლო პროდუქტს დამატებით ემატება 120 ახალი პროდუქტი, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტანდარტებს, ხოლო 5 ახალი სამშენებლო პროდუქტი – ტექნიკური რეგლამენტის VIII-XII დანართებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
🔷 ცვლილების თანახმად, აღნიშნულ პროდუქტებზე დადგენილება ეტაპობრივად შევა ძალაში — პირველი ეტაპი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ხოლო შემდეგი ეტაპი 2026 წლის 15 დეკემბრიდან.
🔷 რეგულირების სფეროს დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტები, როგორიცაა თაბაშირის პროდუქტები, იატაკზე დასაგები პროდუქტები, სახურავის საფარი, სტრუქტურული მეტალის პროდუქტები, ბრტყელი მინა, პროფილირებული მინა, ქვის წყობა და მასთან დაკავშირებული პროდუქტები,სანიტარული პროდუქტები, შიდა და გარე კედლებისა და ჭერის მოპირკეთების მასალები, კარებები, ფანჯრები, ჟალუზები, კარიბჭეები და მათთან დაკავშირებული სამშენებლო აღჭურვილობა, ჰიდროსაიზოლაციო პროდუქტები და სამშენებლო წებოები. ახალი პროდუქტების დიდი ნაწილი დაკავშირებულია უკვე რეგულირებულ ჯგუფებთან, რაც ამარტივებს ბიზნესის ცვლილებებთან ადაპტაციას.
🔷 ამასთან, განახლდა ტექნიკური რეგლამენტის VII დანართი და დაემატა VIII-XII დანართები, რომლებიც ადგენს მოთხოვნებს იმ პროდუქტებზე, რომელთა მიმართაც სტანდარტები არ არის გამოქვეყნებული.
🔷 ცვლილების ფარგლებში, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს ახალი სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა და გასცეს რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესს დროულად მოერგოს ახალ მოთხოვნებს.
🔷 ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო გარდამავალ პერიოდში აქტიურად გააგრძელებს ბიზნეს სექტორის ინფორმირებასა და თანამშრომლობას, რათა სექტორის წარმომადგენლები სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ დაგეგმილ ცვლილებებს. ამ მიზნით, სააგენტო ქვეყნის მასშტაბით გეგმავს სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირებების განხორციელებას, რომელთა ძირითადი მიზანი იქნება არა შემზღუდველი ღონისძიებების გატარება, არამედ ეკონომიკური ოპერატორებისთვის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მათი შესრულების ხელშეწყობის მიზნით პრაქტიკული რეკომენდაციების გაცემა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
🔗 https://www.msa.gov.ge/news/detail/87