22/07/2026
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე, რუსუდან კოხოძე ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და დაგეგმილი აქტივობები გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, მიმდინარე საქმიანობის შედეგები განიხილეს და არსებული გამოწვევების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
სააგენტოს თავმჯდომარემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და საქმიანობის ეფექტიანად შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოქალაქეთა მისამართზე რეგისტრაცია, მათი დოკუმენტირება, სამოქალაქო აქტების – დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების – რეგისტრაცია, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა, კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის ცნობების გაცემა და სხვ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გვარამაძე და სამოქალაქო რეესტრის ხარისხის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, ირაკლი ჭელიძე.
მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდ სხვა რეგიონებშიც გაიმართება.