14/09/2026
კავკასიის ჰერალდიკა
ჩერქეზთა დროშა
„..მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე გამორჩეული და ადგილობრივი ერი ცხოვრობს. მათ რიცხვს ჩერქეზებიც განეკუთვნებიან.
მათი თვითსახელწოდებაა - ადიღე და ისინი ყაბარდო- ბალყარეთში, ყარაჩაი- ჩერქეზეთსა და ადიღეს რესპუბლიკაში სახლობენ. ისინი ისტორიულად ქართველების მეზობელი ხალხი იყო და, მეცნიერების ვარაუდით, ყობანური კულტურა გარკვეულ მსგავსებებს ავლენს კოლხურ კულტურასთან. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყობანელები აწ უკვე ადიღეური, ადგილობრივი მოსახლეობის წინაპრები იყვნენ და საკმაოდ ახლო კონტაქტები ჰქონდათ ქართველებთან (კოლხებთან).
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საუკუნეთა განმავლობაში ადიღელებს ჰქონდათ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, მაგრამ მუდმივად განიცდიდნენ დამპყრობლების ზეწოლას და ამიტომ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს. მრავლად სახლდებოდნენ საქართველოშიც. შუა საუკუნეებში ჰქონდათ სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობები, ძირითადად
დას. საქართველოსთან.
მე-16 საუკუნეში მთლიანად კავკასია ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში მოექცა, ერთმანეთს ოსმალეთის და ირანის იმპერიები ეცილებოდნენ ამ მიწას, რაც ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში ოსმალეთის გაბატონებით დასრულდა და მე-18 საუკუნემდე აქტიურად ავრცელებდნენ ისლამს თუ თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს. მე-18 საუკუნიდან უკვე რუსეთი აქტიურდება ჩრდ. კავკასიაში და განდევნის ოსმალებს. ბუნებრივია, ამ ბრძოლების და ცვლილებების მთელ დარტყმას ჩრდ. კავკასიელი ხალხი იღებდა. 1860-1864 წლები რუსული საარქივო მასალებიდან ცნობილია, როგორც კავკასიური ომების დამაგვირგვინებელი ფაზა, როდესაც ჩერქეზულ ეთნოსს დიდი დარტყმა მიაყენეს და ძირძველი საცხოვრისიდან გადაასახლეს, ნაწილი კი დახოცეს. ეს ფაქტი გენოციდად მოიხსენიება თავად ჩერქეზების მიერ და ოფიციალურად იქნა აღიარებული საქართველოს სახელმწიფოს მიერ, როგორც ვანდალური და უმოწყალო საქციელი ჩერქეზი ერის წინააღმდეგ.
ახლა უშუალოდ ჩვენი კვლევის მთავარ მიზანს, ჩერქეზულ დროშას, მასზე დატანილ სიმბოლიკას და მის წარმოშობას შევეხებით. ეს დროშა ჩერქეზი ერის ერთიანობის სიმბოლოდაა შექმნილი და დამოუკიდებელი ჩერქეზეთის იდეის მატარებელია. ის მწვანე ფერისაა, მასზე გამოსახულია თორმეტი ოქროსფერი ვარსკვლავი, რომლებიც ჩერქეზების სხვადასხვა ტომებს აღნიშნავენ და სამი ისარი - ეს სამი უძველესი ჩერქეზული თავადური შტოა. ის, რომ სამი ისარი გადაჯვარედინებულია, მათ ერთიანობაზე მიუთითებს, ხოლო დროშის მწვანე ფერი ისლამის რელიგიისაღმნიშვნელია. მუსლიმური რელიგიის მიხედვით, სამი ისარი მჭედლობის ღმერთთან, ტლეპშთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ეს დროშა და მასზე დატანილი სიმბოლიკა ყველა ადიღეს გამაერთიანებელია."
(ნაწყვეტი)
.. ჩერქზი ხალხისა და უფლისწული ზანის ბრძოლაზე რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, ბრიტანელებთან გამართულ მოლაპარაკებაზე, შაფსუღთა ((ჩერქეზთა სუბეტნიკური ჯგუფი) ყრილობაზე და უფლისწული ზანის უშუალო ინიციატივასა და როლზე ჩერქეზთა გამაერთიანებელი დროშის შექმნის საქმეში, დაწვრილებით წაიკითხავთ გიორგი გურჯიძის წერილში, რომელიც ჟურნალ „ჰეროლდის“ #2-შია დაბეჭდილი.
იქვე იხილავთ ნაიმა ნეფლიაშევას წერილს "როგორ ხვდებოდნენ ადიღეში შაფსუღების დროშას 1926 წელს".
ეს დროშა ნაალაფარი იყო 1864 წელს აბის ციხესიმაგრისათვის გამართული ბრძოლის შემდეგ და ინახებოდა თბილისის მუზეუმში, საიდანაც საზეიმოდ დააბრუნეს 1926 წელს.
https://heraldika.ge/uploads/herald%20(2).pdf