03/09/2026
1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი გახდა. თასის მოსაპოვებელ ფინალში ქართულმა კლუბმა ერევნის „არარატს“ მოსკოვში ანგარიშით 3:0 სძლია. ამ ისტორიული გამარჯვების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად „დინამო არენის“ შესასვლელთან გაიხსნა მემორიალური დაფა. დაფის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მიიღო.
1936 წლიდან 1976 წლამდე „დინამომ“ 5-ჯერ ითამაშა „თასის“ ფინალში და ხუთივე ფინალი წააგო. ქართულმა კლუბმა თასი ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით მოიპოვა. ფინალში გოლები დავით ყიფიანმა, ფირუზ კანთელაძემ და რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს.
ღონისძიებას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გულშემატკივრები, სპორტული ჟურნალისტები, მათ შორის სომხეთის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ედუარდ კალანტარიანი და ვიცე-პრეზიდენტი ხაჩიკ ჩახოიანი ესწრებოდნენ.
საიუბილეო ღონისძიებაზე ასევე მოეწყო ილია ბაბუნაშვილის წიგნის „ჩემი გაზაფხულის ფეხბურთი“ პრეზენტაცია და გიგა გვენცაძის ფილმის „ახალი გუნდი (ფინალი №6)“ პრემიერა.
საიუბილეო ღონისძიება სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.