01/09/2026
გიორგი თოდუა: ”ინგირში საბავშვო ბაღი ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს აშენდა”
“ძლიერი საქართველო - ლელოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე დღეს სოფელ ინგირში იმ საბავშვო ბაღის სანახავად მივიდა, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის გვერდით ააშენეს.
მისი თქმით ამ სოფელში საბავშვო ბაღისთვის ადგილი არასწორად შეარჩიეს, რაშიც ადგილობრივი ხელისუფლების არაპროფესიონალიზმიც გამოჩნდა, უპასუხისმგებლობაც და სამსახურებრივი გულგრილობაც. გიორგი თოდუა თვლის, რომ აშკარაა ნებართვის გაცემის დროს დაშვებული შეცდომები: საეჭვოა გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შეეფასებინა ჰაერის დაბინძურების საფრთხეები და ნებართვა გაეცა ბაღის ამ ადგილზე აშენებისთვის, ასევე, საკითხავია საპროექტო დოკუმენტაციით რამდენად დაცულია უსაფრთხოების სტანდარტები.
“კანონმდებლობის თანახმად ავტოგასამართი სადგურის აშენებისთვის უამრავი სტანდარტის და საფეხურის გავლაა საჭირო. აქ თვალნათელია, რომ ეს სტანდარტები დაცული არ არის. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში სწორედ ავტოგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება და, საბედნიეროდ, მხოლოდ ორი ადამიანის სხეულის დაზიანებით გადავრჩით. მიგვაჩნია, რომ საბავშვო ბაღი სწორედ ის ადგილია, სადაც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ უპასუხისმგებლობა, ეს მომავალი თაობის, ბავშვების მიმართ დამოკიდებულებას გვაჩვენებს” - აცხადებს გიორგი თოდუა.